"ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდამ"- გიორგი ცუცქირიძე

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი გიორგი ცუცქირიძე

 

 

2023 წლის თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.1%-ს გაუტოლდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდის მოცემული მაჩვენებელი ისედაც მოსალოდნელი იყო, ბოლო ორი წლის ორნიშნა ზრდის ბაზისური ეფექტიდან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ გასული  წლის იანვარში სარეკორდო   18 % იანი ზრდა დაფიქსირდა, ისევე როგორც თებერვალში მაღალი 14.6%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, საშუალო მაჩვენებელიც მაღალი 16 % იყო და შესაბამისად საბაზო ეფექტიც საკმაოდ მაღალი იყო.

 

გლობალური შოკების და გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელების პირობებში, რაც ნავთობზე ფასების ვარდნაში არის ასახული, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ყველა საპროგნოზო მაჩვენებლით წლის მეორე ნახევარში ზრდის დონე, ბაზისური ეფექტის შემცირებასთან ერთად, შედარებით მაღალი იქნება და საშუალო წლიური ზრდა 8.5 -10 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამას ადასტურებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებები.

 

წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველო სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მხრიდანაც რეიტინგის გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ. 

 

ნიშანდობლივია, რომ მომდევნო შეფასებებზე სააგენტო ელის რეიტინგის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რითაც უკვე ერთი ნაბიჯი დაგვრჩება საინვესტიციო რეიტინგამდე. პერსპექტივის გაუმჯობესებაში კი გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რითაც 2022 წლის ბოლომდე მოხდა მთავრობის ვალის პანდემიამდელ ნიშნულამდე შემცირება, ფისკალური დეფიციტის შემცირება და  საერთაშორისო რეზერვების შევსება, რაც თავის მხრივ აისახა მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ისეთი საგარეო მოწყვლადობების შემცირებაში, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დოლარიზაცია. 

 

თებერვალში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 11.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,537 ერთეულს გაუტოლდა, რაც 57.3%-ით მეტია 2022 წლის თებერვლის თვის მონაცემზე.

 

ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდამ. თებერვალში ექსპორტი 6.3%-ით გაიზარდა და 455.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც აღსანიშნავია იმ ფონზე, რომ წინა წლის თებერვალში ექსპორტის მნიშვნელოვნად მაღალი (60.3%-იანი) ზრდა დაფიქსირდა.

 

2023 წლის თებერვალში ფულადი გზავნილების მოცულობა 103.0%-ით გაიზარდა და 372.0 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.

 

პანდემიურ და განსაკუთრებით პოსტ პანდემიურ პერიოდში, მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებებს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიული მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის და სამუშაო ადგილების ზრდაზე და ხელს უწყობს ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას.





მსგავსი სიახლეები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 აპრილისთვის
უცხოური ვალუტის კურსი 5 აპრილისთვის
თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Euromoney-ის ჯილდო მიიღო
"საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირების გამო, შესაძლოა, შენელდეს" - აზიის განვითარების ბანკი
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
უცხოური ვალუტის კურსი 4 აპრილისთვის
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მოსალოდნელზე უფრო დაბალი ინფლაცია მარტში
მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.3% შეადგინა - საქსტატი
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5563 ლარი გახდა
"ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდამ"- გიორგი ცუცქირიძე
გახდი თიბისის მომხმარებელი მარტივად, დარეგისტრირდი ციფრულ ბანკში
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5604 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მარტისთვის
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11.0 პროცენტზე ტოვებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 მარტისთვის
თიბისი კონცეპტი და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე “ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 მარტისთვის
Global Finance-მა თიბისი 2023 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
"რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები სხვა კლინიკებში გადანაწილდებიან" - ზურაბ აზარაშვილი