ერთობის იმედი ვიქონიოთ, თუმცა „რაობა“ მუდამ საკამათოა - დავით ზარდიაშვილი

თუკი რამე არ უხდება კონსერვატიზმსა და პატრიოტიზმს, უწინარესად - პოზიორობა და ყალბი პათეტიკა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა იძულებული ხარ გაიმეორო: „მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში“; ასევე, ცხონებული გურამ დოჩანაშვილისა არ იყოს, ღირებული და დასაფასებელია „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“ და არა მკერდზე მჯიღის ცემა, შეხედეთ, რა პატრიოტი ვარო, - ამის შესახებ დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, სწორედ ამიტომ იყო, რომ რაინდ ლევან ვასაძის პირველსავე ოფიციალურ პოლიტიკურ ნაბიჯს, როცა მან ე.რ.ი. როგორც აბრევიატურა, "გაგვიშიფრა" და „ერთობა, რაობა და იმედი“-ს სახელდებით წარმოგვიდგინა საკუთარი პოლიტიკური „მეობა“, ირონიული ღიმილით გამოეხმაურა.

 

"შესაძლოა, არც თუ კორექტული, სახუმარო პოსტიც მიუძღვენი.

 

მიუხედავად ამისა, გუშინ გადავახვიე და ვასაძის ინტერვიუს იმნაიშვილთნ დიდი ყურადღებით ვუსმინე. აღმოჩნდა, რომ მისი შეხედულებები არც თუ იმდენად უმნიშვნელოა და სულაც არ არის ისე, რომ მხოლოდ ყალბი პათეკიტის გამო იმსახურებს ყურადღებას. მეტიც: საკმარისად სერიოზულიც არის და ანგარიშგასაწევიც. პირადად მე და დარწმუნებული ვარ, ასევე ჩემი თანამოაზრე პოლიტვეტერანები, კონსერვატიზმის ამ მიმართულებას ნაწილობრივ ვიზიარებთ კიდეც, თუმცა, დიდწილად - იგი მიუღებელია.

 

ჩამოვთვლი, რას ვიზიარებ და რას არა (წინასწარ გიხდით ბოდიშს, რადგან ფბ პოსტისთვის ზედმეტად ვრცელი ტექსტის დაწერა მიხდება):

 

1. სრულად ვიზიარებ ერი-სახელმწიფოს და მისი სუვერენობის "ვესტფალიური წარმომავლობის" იდეას; ვემხრობი კონსერვატიულად მოაზრებულ ევროპას, მაგალითად, ისეთს, როგორც ეს წარმოედგინა ცნობილ ინგლისელ კონსერვატორს - აწ გარდაცვლილ როჯერ სკრუტონს: ევროპა, როგორც სუვერენულ ერ-სახელმწიფოთა ბუნებრივი კავშირი და არა, როგორც ტოტალური "უნივერსალიზაცია-უნიფიკაციით ინდივიდუალობას მოკლებული და სახედაკარგული ერების "გლობალისტური", ხელოვნური გაერთიანება; მიმაჩნია, რომ ქართული კონსერვატიზმი ახლაც და მომავალშიც უნდა დაეყრდნოს იგივე მიხაკო წერეთელის ცნობილ თეზისს (მისი „ერი და კაცობრიობა“ მთლიანად ამ თეზისის დასაბუთებას ეძღვნება), რომ: მსოფლიო ისტორია საკუთარი მყარი იდენტობის მქონე ერთა ასპარეზია, ხოლო კაცობრიობა ამ ისტორიულ და საერთაშორისო სამართალ-სუბიექტთა კრებულია და ამდენად, საერთაშორისო ურთიერთობებიც სწორედ სუვერენულ ერ-სახელმწიფოთა უფლებებს უნდა დაემყაროს, ისევე, როგორც თითოეული ასეთი ერის პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საკუთარ ბედზე, არამედ - მსოფლიო ისტორიის წინაშეც;

 

2. არ ვეთანხმები და ვერც გავიზიარებ თეზისს, რომ საქართველოს უდიდესი ნაწილი, რაც რუსეთის მიერ არ არის ოკუპირებული, თურმე „უარესად“ოკუპირებულია და უმოწყალოდ იძარცვება დასავლელი „გლობალისტების“ მიერ; ცხადია, დასავლეთში გლობალისტებს მნიშვნელოვანი პოზიციები ნამდვილად უკავიათ და დიდწილად განსაზღვრავენ კიდეც მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ მათ მიერ საქართველოს „ოკუპირების“ მითი, ცხადია, მთლიანად რუსული წარმომავლობის ცრუ-ლეგენდაა. თუმცა, ბუნებრივია, არ მიმაჩნია ვასაძე "კრემლის პროექტად" და არც მე-5 კოლონად, არამედ მისი რეაქცია „გლობალისტურ ლიბერასტულ საფრთხეზე“ ზედმეტად დრამატიზებულ- გაზვიადებულია და რაც მთავარია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ განიხილება რუსული საფრთხის თანაზომიერ რისკად საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის; საქართველოს პროდასავლურობა უალტერნატივოა, ხოლო რუსეთ-საქართველოს მტრობა, რასაკვირველია, თავად რუსეთის არჩევანია და არა საქართველოსი. ეს ცალსახაა.

 

3. ვეთანხმები, რომ „ნამოხვანის კრიზისი“ სისტემურად არაეფექტიანი და უსამართლო დარგობრივ-ცენტრალიზებული მმართველობის შედეგია, როცა ტერიტორიული მართვის პრინციპი, მაშასადამე, ადგილობრივი თვითმმართველობის წამყვანი როლი ტერიტორიების ეფექტიანი და მოსახლეობის ინტერესებით კეთილგონივრული გამოყენების დაგეგმვისას, დიდწილად იგნორირებულია;

 

4. ვეთანხმები, რომ პარტიულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა, მით უმეტეს, მანამ, სანამ ნაცური პატრონ-კლიენტელიზმის მძევლობიდან, თუ საერთოდაც - მონური ტყვეობიდან, არ გათავისუფლდება, მართლაც რისკია ჩვენი ქვეყნისთვის; მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ შეიძლება ნიშნავდეს საერთოდ უარს პოლიტიკური პარტიების წამყვან როლზე პოლიტიკაში, რასაც ვასაძე ქადაგებს. ეს გაუგებარია და არა ლოგიკური, ვინაიდან იგი თავადვე ქმნის პარტიას; წარმომადგენლობით დემოკრატიაში, რასაც დღეს და თვალსაწიერ მომავალშიც, ყველა ცივილიზებული ერი-სახელმწიფო უალტერნატივოდ მიიჩნევს, პარტიების ალტერნატივა პოლიტიკაში ინსტიტუციური მონაწილეობისთვის პრაქტიკულად - არ არსებობს; მითითება რეფერენდუმებსა და პირდაპირი, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებზე, როგორც წარმომადგენლობითი დემოკრატიის ალტერნატივაზე, ჯერჯერობით მაინც, უსაფუძვლოა. მონაწილეობითი დემოკრატია ალტერნატივა ვერ იქნება, არამედ, იგი სწორედ წარმომადგენლობითი სისტემების გასაძლიერებლად, ასეთ სისტემებში მოქალაქეთა მეტი და უკეთესი ჩართულობისთვის, განსაკუთრებით - ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, უნდა იქნეს გამოყენებული; რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, საუკეთესოდ - პერსონალიზებულ- პროპორციული სისტემა მიმაჩნია, სადაც პარტიები, არა რანგირებული სიით, არამედ მაჟორიტარული არჩევნების ანალოგიურად, პიროვნებებით, პერსონალურად არიან წარდგენილი, თუმცა მანდატები უფრო სამართლიანად, ვიდრე ეს მაჟორიტარულ არჩევნებშია, მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება.

 

5. კატეგორიულად არ ვეთანხმები და ვერ გავიზიარებ ისევ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელზე დაბრუნებას; მიმაჩნია და გამოცდილებაც იგივეს გვკარნახობს, რომ ქვეყანაში, სადაც „უჩემოდ ვით იმღერეთა“- ლამის მთავარი სახასიათო თვისებაა, განსაკუთრებით კი - პოლიტიკაში, საპრეზიდენტო მმართველობა უდიდესი რისკის მატარებელია, როგორც ძალაუფლების უზურპირების, ისე პირიქითაც - ხელისუფლების ლეგიტიმურობის სწრაფი რღვევისა და მისი არაკონსტიტუციური გზით შეცვლის, საერთოდ - დამხობის, გაცილებით მეტი საფრთხეების თვალსაზრისით; საპარლამენტო მმართველობა, პარტიულ-პოლიტიკური სისტემის განუვითარებლობის, უარესიც: ნაცურად დეფორმირების გამო, საპრალემანტო კრიზისების გარდაუვლობას იწვევს, მაგრამ - მაინც საპრეზიდენტოზე გაცილებით უსაფრთხოა, რადგან საპარლამენტო კრიზისი უფრო იოლად გადაილახება, ვიდრე საპრეზიდენტო მმართველობის დროს ძალაუფლების უზურპირების ანდა ლეგიტიმურობის რღვევის გამო წარმოქმნილი ფაქტიურად გამოუვალი კრიზისები, რაც, ჩვენი მწარე გამოცდილებით, სამივე პრეზიდენტის დროს იმდენად გამწვავდა, რომ სამივეჯერ სრული კრახი განიცადა საპრეზიდენტო რესპუბლიკამ.

 

ჩემი დასკვნა კი ასეთია: ცხადია, კონსერვატიულ მიმართულებას, ისევე როგორც ზოგადად ქართულ პოლიტიკას, ჯერ ჩამოყალიბება სჭირდება, რაც უდიდეს ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ შრომას მოითხოვს. ვასაძის მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ მისი აქტივობის ფორმა და შინაარსი, როგორც ეს ახალი პარტიის პრეისტორიიდანაც და არც თუ სერიოზული სახელწოდებიდანაც მკაფიოდ ჩანს, ურთიერთდაცილებულია, მაინც დასაფასებელი იქნება, თუკი - ასეთი შრომის გასაწევად იქნება მიმართული.

 

ანუ: მაინც ერთობის იმედი ვიქონიოთ, თუმცა „რაობა“ მუდამ საკამათოა,"- წერს დავით ზარდიაშვილი.





მსგავსი სიახლეები
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია
"პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ"
"ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები"
"რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!"
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"